აქამდე ყველაფერი ფარულად ხდებოდა, ახლა კი სულ უფრო მეტად საჯაროდ გამოდის, საით მიგვაქანებს ბრიუსელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოსგან ითხოვს, რუსეთს სანქციები დავუწესოთ.
„რა შუაშია საგარეო კურსი კანონებთან? გეტყვით, რასთან არის კავშირში. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს შენიშვნა აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის ის, რომ ქვეყანა არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში ის იგულისხმება, რომ ამბობენ, მათ არ აკმაყოფილებთ და საკმარისი არ არის, რომ საქართველო უზრუნველყოფს, ევროკავშირის სანქციებისთვის საქართველოში გვერდის ავლა არ მოხდეს. ბრიუსელი საქართველოსგან მოითხოვს, რომ რუსეთს სანქციები თავად დაუწესოს. ბრიუსელი თუ ამბობს, რომ სავიზო მიმოსვლა უნდა იყოს რუსეთთან, ჩვენც უნდა შემოვიღოთ და ქვეყანაში რუსი მოქალაქეები ვიზით უნდა შემოვიდნენ; თუ ამბობს, რომ ვაჭრობა არ უნდა იყოს, ჩვენც სანქციები უნდა შემოვიღოთ. ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელი ფარულად, ნახევარი წინადადებებით თუ სიტყვებით ჩვენ გვაკრიტიკებდა, რომ სრულ თანხვედრაში არ ვართ სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ეს არის, რასაც ითხოვენ. საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება – რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს რა პოლიტიკა აქვს. იგივე პოლიტიკა აქვს – სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
ბრიუსელი რასაც საქართველოდან ითხოვს, ეს არის, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ეს ყველაფერი ბოლო ანგარიშში წერია. ამას პირდაპირ არ გეუბნებიან და გვიტრიალებენ, რომ სრული თანხვედრა უნდა გქონდეს. ვიღაცას აქვს სრული თანხვედრა და როგორ აქვს? სანქციები დააწესა. ჩვენც ამას გვეუბნებიან. ბრიუსელისთვის არაერთხელ გვიკითხავს, თუ სანქციების დაწესება ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, დაგვეხმარებიან, ფულს მოგვცემენ? ამის პირობას არ გაძლევთო. ეს სანქციები თუ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს, ესტონეთი, ლიეტუვა, გერმანია თუ საფრანგეთი ჩამოვლენ და იომებენ ჩვენთან ერთად? არც უკრაინელებთან უომიათ და არც ჩვენთან ერთად იომებენ. მართლა ის თუ უწერიათ, რომ საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა უნდათ, ეს ნიშნავს, რომ უნდათ, რუსეთთან ესკალაციაში შეგვიყვანონ, რაც ბოლოს ომს ნიშნავს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










