4 ოქტომბერი იყო დემოკრატიის ზეიმი, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ, ვხედავდით მხარდაჭერას გარედან, ირიბს და სამწუხაროდ, ვიხილეთ პირდაპირი მხარდაჭერა გარედან, სახელმწიფო გადატრიალების წინასწარ დაანონსებული შეკრების მიმართაც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიამ გაიმარჯვა და ქართველი ხალხი გავიდა არა ოთხში ოთხ საათზე ქვეყნის გადასატრიალებლად, არამედ გავიდა ოთხში რვა საათიდან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებულად.

„გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, რომლებიც ქვეყნის გადატრიალებას, ამ ქვეყნის 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდნენ და რომლებმაც 4-ში საღამოს დადგეს სცენები, რომლებიც ჩვენ 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ერთადერთი სხვაობა იყო, რომ ის კადრები შეიძლება, ბევრს შავ-თეთრ ფერებში ახსოვს და ეს უფრო ახალი კადრები იყო, თუმცა შინაარსი და ბოროტი სულისკვეთება ზუსტად მსგავსი იყო, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ წარმატებულად ჩატარებული არჩევნები, განსაკუთრებით მინდა მივულოცოთ ჩვენს კოლეგას, ბატონ დავით კოდუას, რომელიც არჩეულ იქნა ზუგდიდის მერად, ის დღეს არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, ზუგდიდში არის და დაკავებულია უკვე საკითხებით, რომელიც მას, როგორც მერს, ელოდება უკვე ზუგდიდში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დიდი პასუხისმგებლობაა და ვულოცავთ მას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის დაპირება, რაც მმართველმა გუნდმა მისცა ამომრჩეველს, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში პირველ ტურში გაიმარჯვებდნენ მერობის კანდიდატები, შესრულდა.

„მათ შორის წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ დაიბრუნა უმრავლესობა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი მოსახლეობის სიბრძნეს, რომ ის სწორედ ხედავს ყველაფერს, აანალიზებს, ერთმანეთისგან არჩევს ცუდს და კარგს, ბოროტს და კეთილს და იღებს ბრძნულ გადაწყვეტილებებს. ამისთვის მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი სახელით, პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენც ამომრჩევლებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ბრძნული ნაბიჯი გადადგეს, დემოკრატიულ პროცესში საკუთარი მონაწილეობით, მადლობა ქართველ ხალხს ამგვარი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.