საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით სააკაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მისივე თქმით, როდესაც რაიმე გახდება ცნობილი, საზოგადოებას შეატყობინებს.
„ორი დღის წინ ვნახე და სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩემი კონტრაქტორი მხარე არის მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით მას ჩემთვის ჯერ რაიმე დავალება არ მოუცია. ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი როცა გახდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. საქმე დამთავრდა საქართველოში, ყველა ასე აცხადებს – იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
კითხვაზე, შეცვლის თუ არა უცხოელი ექიმების ჩამოსვლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხაჭაპურიძემ განაცხადა:
„არა, უბრალოდ, ალბათ უფრო დამაჯერებელი გახდება. ხომ ხედავთ, ვინც არ უნდა გააკეთოს განცხადება, კლინიკა „ვივამედისთვის“ და პენიტენციური სამსახურისთვის ყველაფერი დაუჯერებელია, არ ვიცი, ახლა ვინ უნდა ჩამოვიდეს“.