მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი შალვა კერესელიძე მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო კრიზისის ფონზე ხელისუფლება არაერთ შეცდომას უშვებს.

„სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა შოუს და სანახაობას დაემსგავსა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება სახელისუფლებო კრიზისში იმყოფება იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოლიტიკური დღის წესრიგი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე გადააქვს, რაც მოსახლეობას, რეალურად არ აინტერესებს. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილმა ხელისუფლებამ ისეთი შეცდომების დაშვებაც კი დაიწყო, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს აზიანებს და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, რუსული რეკომენდაციების შესრულებაც კი დაიწყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგების შიშებიდან გამომდინარე უარი თქვით საარჩევნო სისტემაში ბევრ დემოკრატიულ და სამართლებრივ ცვლილებებზე. მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზეც. ეს ქმედებები ღიად ცხადყოფს, რომ მითვისებული გაქვთ საარჩევნო სისტემა და თქვენ საკუთრებად მიგაჩნიათ“, -  განაცხადა კერესელიძემ.

 

მან ომბუდსმენის არჩევაზეც ისაუბრა, - „არც სახალხო დამცველის თანამდებობაზე გსურთ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის შერჩევა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა დასაწყისშივე განაცხადა, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა. გინდოდათ პროცესი მოჩვენებითად გამჭვირვალე ყოფილიყო, ხოლო შემდეგ ხელოვნურად ჩიხში შეიყვანეთ და პროცესი საბოლოოდ ჩააგდეთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.