ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის წევრებს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თამარ ხიდაშელმა გააცნო.

მისი განმარტებით კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმა პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ უკვე არსებობს, ცვლილებებით კი აღნიშნული ნორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადატანა ხდება. საუბარია სექსუალურ შევიწროებაზე, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დროს. კანონპროექტით პასუხისმგებლობა მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი სექსუალურ შევიწროვებას მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ ახორციელებს.

კომიტეტმა განხილულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა, რაც კენჭისყრის შედეგებზეც აისახა. კანონპროექტზე მხარდამჭერი პოზიცია მხოლოდ კომიტეტის სამმა წევრმა გამოთქვა, რაც დადებითი დასკვნის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.