27-31 იანვარს, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი ზამთრის სესია მიმდინარეობს.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით. 

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტებსა და პლენარული სესიის სხდომაში. სესიის განმავლობაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

შეხვედრისას განიხილეს მონიტორინგის პროგრესის ანგარიში, სადაც დებატების ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა დიალოგისა და დისკუსიის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდების აბსურდულობაზე, არჩევნების, რომელიც ჩატარდა დასავლელი პარტნიორების მიერ დანერგილი თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით. მან სინანული გამოთქვა იმ ორმაგი სტანდარტების პრაქტიკის გამო, რომელსაც ევროპის კავშირი იყენებს საქართველოს მიმართ, რაც ევროსაბჭოსთვის მისაბაძი მაგალითი არ უნდა გახდეს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი.