საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა სხდომაზე, კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების დადასტურების შესახებ კომიტეტის დასკვნის პროექტი წარადგინა.
„პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ხელმოწერის ნამდვილობა, რომლებიც კონსტიტუციურ სარჩელს შეეხება. შემოწმების შედეგად, პარლამენტის 88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დადგინდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს უფლება აქვს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა - „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.




