"ვუსამძიმრებ სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილ ახალგაზრდების ოჯახებს და სოფელ ნახიდურის მკვიდრებს."
სალომე ზურაბიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა.