პაროდიაა ის, რაც ხვალ პარლამენტში მოხდება - ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არის არაკონსტიტუციური და არალეგიტიმური! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 14 დეკემბერს, პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნებს.
"ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რომ “ოცნებიდან“ გადის “ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად გახადეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.
ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა - ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი!
მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს - პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან - ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ: 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია "ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი.