მოვითხოვ, ის შემოწმდეს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ვიცოდეთ, რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, რომ მოიხმარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, მაინტერესებს, რას მოიხმარს ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მისამართით განაცხადა და განმარტა, რომ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ნარკოლოგიური შემოწმება ბექა ოდიშარიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ქალთა სიძულვილის ნიშნით შერჩეული ქვედანაყოფის წარმომადგენელს მივმართავ კითხვით, რომელიც ახლა ტრიბუნასთან დგას, პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეთ საზოგადოებას შემდეგ კითხვაზე, ამ პარლამენტში ოპოზიციის არცერთი ინიციატივა არათუ დაჩქარებული წესით, საერთოდ არ შედის დღის წესრიგში, ქალების სიძულვილის ინიციატივა, რომელიც წარმოადგინეთ, რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ დაჩქარებული წესით მიიღება ამ პარლამენტში? თქვენთან შეკითხვა მაქვს, როგორც პარლამენტის წევრთან, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგა მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან უმრავლესობის წევრები. თქვენ უმრავლესობის ნაწილი ხართ უკვე ბატონო სანდო, უმრავლესობის ქვედანაყოფი ხართ. ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან ქართველ ქალებს ამ დარბაზში თუ არა? მე მაგალითად, აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს“,-მიმართა სამადაშვილმა ტრიბუნასთან მყოფ სანდრო რაქვიაშვილს.

როგორც სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განმარტა, ის რომ დარწმუნებულია," ოდიშარია ნარკოტიკს მოიხმარს".

„ეს შეკითხვა მაქვს ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით, ძალიან ლეგიტიმური შეკითხვაა, მესმის, რომ ოდიშარიას იცავთ, გასაგებია, მაგრამ ქართველი ხალხისთვის უფრო შეურაცხმყოფელი მოვლენა, რაც გუშინ პარლამენტში მოხდა, არ მახსენდება. მე მოვითხოვ, ოდიშარია შემოწმდეს, ნარკოლოგიური ტესტი გაიაროს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ფხიზელი არის - მას თანამდებობებიც უკავია. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი პოლიტიკის შედეგად, რომ ჩვენი ქვეყანა ქართველებისგან დაიცალა თქვენი რუსების დაკვეთით, რუსების დიდხნიან ოცნებას ასრულებთ, საქართველო ქართველების გარეშე გინდათ დატოვოთ. 250 000 ქართველი თქვენი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნიდან წავიდა, მათთან, დიასპორასთან ურთიერთობები ჩაბარებული აქვს აი, ამ არსებას, მე არ ვიცი მას რა უნდა ვუწოდო, რომელმაც გუშინ, საქართველოს პარლამენტში წარმოუდგენელი რამ იკადრა. მოვითხოვ, ის შემოწმდეს, ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ვიცოდეთ, რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, რომ მოიხმარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, მაინტერესებს, რას მოიხმარს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.