ხმის მიცემის პროცესი ტექნოლოგიურად თანამედროვეა და პროფესიონალურ დონეზეა ადმინისტრირებული, ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, უნგრეთის პარლამენტის წევრმა ბარბარა სილვია ჰეგედუსმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.

მისი განცხადებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ლიდერი, რომელიც მართლაც საკუთარი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს.

„როგორც დამკვირვებელი, ვხედავ, რომ არჩევნების ორგანიზატორები იჩენენ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში. ძალიან წამახალისებელია იმის ხილვა, რომ მოქალაქეებს აქტიურად სურთ არჩევნებში მონაწილეობა. მე წარსულში თავად გახლდით ჩემს ქვეყანაში ადგილობრივი წარმომადგენელი და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს გამჭვირვალე ლიდერი, რომელიც მართლაც საკუთარი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს. ვფიქრობ, არჩევნები არის დემოკრატიის ზეიმი. ხმის მიცემის პროცესი ტექნოლოგიურად თანამედროვეა და პროფესიონალურ დონეზეა ადმინისტრირებული, ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული“, - განაცხადა ბარბარა სილვია ჰეგედუსმა.

საარჩევნო პროცესს აკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.