სააკაშვილი: 2008 წელს პირველი ტური პატარკაციშვილის ცნობილი ჩანაწერები გამოსვლის ხარჯზე მოვიგეთ

1616914901
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:
“2007 წელს, როდესაც თბილისში იყო შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავი, მაგრამ ხელისუფლებას მთლიანად ვაკონტროლებდი. როდესაც შემოვიღეთ საგანგებო მდგომარეობა, ისეთი სიწყნარე იყო, რომ გეგონებოდა ჩიტი აღარ დაფრინავდა. სწორედ ამ დროს, როცა არავინ არ ელოდებოდა, მე გამოვაცხადე ჩემი გადადგომის შესახებ, საპრეზიდენტო ვადა შევამცირე 1.5 წლით. ვთქვი რომ მივდივარ და ქართველ ხალხს ვაბარებ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს და მათ უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა იმ რეფორმების გაგრძელება, რის წინააღმდეგაც ქუჩაში გამოვიდა ბევრი ხალხი.
მაშინ მე არაფრის გარანტია არ მქონდა, მაგრამ მქონდა რწმენა ჩემი ხალხის. მართალია რთულად, მაგრამ ის არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. გახსოვთ ალბათ, როგორი ენაგადმოგდებული დავრბოდი სოფლიდან სოფელში, კარდაკარ. ეს აღარ იყო ის ტრიუმფი რომელიც 2004 წელს მივიღე, როდესაც 97% ავიღე. პირველი ტური მოვიგეთ იმის ხარჯზე რომ პატარკაციშვილის ცნობილი ჩანაწერები გამოვიდა, რომლითაც ცადა პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალება, რამაც ბევრ ადამიანს აუხილა თვალები, არ იყო მაშინდელ ოპოზიციაში ერთიანობა და ასე წკიპზე გავძვერი”, - განაცხადა სააკაშვილმა.