ნაციონალურ მოძრაობას რთული დრო უდგას. თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, მას მორიგი დაშლა არ ასცდება და ეს გიამ იცის ყველაზე კარგად, რომელიც ძალიან ცდილობდა (ახლა არ ვიცი), რომ ეს არ მომხდარიყო. და ბოლოს, გიას ვურჩევ, ეს პოსტი შეინახოს, მომავალ პარლამენტში სიის ფორმირებისას შეიძლება გამოადგეს. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის მისამართით წერს, რითაც მის კომენტარს ეხმაურება:
"არ ვაპირებდი ამ კომენტარზე პასუხის გაცემას, რომ არა მისი ავტორი გია ბარამიძე. რა კრიტიკული შენიშვნაც გამოვთქვი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, სწორედ რომ გია ბარამიძის და სხვა ამ პარტიისათვის მართლაც რომ თავგასული ადამიანების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. არ იქნება მოგვარებული ეს საკითხი-მომავალ პარლამენტში გია ბარამიძე კი არ იქნება, არამედ იქნებიან ადამიანები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, გიაზე ნაკლებად იმსახურებენ ამას.
ავხსენი პარტიიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი რაც შეიძლება დელიკატური ფორმით და დახურულად ჩავთვალე ეს თემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხი ჩავარდა, გაღიზიანებულმა გამოვთქვი ჩემი “დამატებითი” აზრი.
ისევ რომ დავუბრუნდეთ სათქმელს-ამ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდა 36 კაცი, აქედან ოცამდე არ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. ესეც დასაშვებია, თუ გარედან კვალიფიციური, საპარლამენტო მუშაობისათვის გამოსადეგი ადამიანების მოზიდვას ემსახურება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. რატომ არ მოხვდა საპარლამენტო სიაში გია ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური მურთაზ ზოდელავა, ზურაბ მელიქიშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც დღე და ღამეს ათენებდნენ პარტიაში და ფიზიკურად კი უწევდათ მისი დაცვა( სათავო ოფისის შტურმი გაიხსენეთ). ხუთმა კაცმა პარლამენტი რომ დატოვა და ვერცერთი საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეგვიქმნია პარლამენტში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანი მოპყრობის შესახებ, ნაწილობრივ ამ ხალხის პასუხისმგებლობაცაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ ხუთის ნაცვლად წესით ახალი ხუთი უნდა შემოსულიყო. გადახედეთ სიას-ხუთივე გამოცდილი ადამიანია რიგში, რომლებიც პარლამენტს გააძლიერებდა. რატომ ვერ შემოდიან? ამაზე დიდი სისულელე გინახავთ, რომ საკუთარი საპარლამენტო სია გააუქმო? ამ კომიკურ ბოიკოტობანას თამაშზე არაფერს ვამბობ. სხვათა შორის, არც ამ ხუთეულშიც გია ბარამიძე არაა და კიდევ ხუთმა რომ დატოვოს პარლამენტი, ზემოთ ნახსენებ უმეტესობას არც მაშინ მოუწევს.
ნაციონალურ მოძრაობას რთული დრო უდგას. თუ რადიკალურად არ შეიცვალა მდგომარეობა, მას მორიგი დაშლა არ ასცდება და ეს გიამ იცის ყველაზე კარგად, რომელიც ძალიან ცდილობდა (ახლა არ ვიცი), რომ ეს არ მომხდარიყო. და ბოლოს, გიას ვურჩევ, ეს პოსტი შეინახოს, მომავალ პარლამენტში სიის ფორმირებისას შეიძლება გამოადგეს. რაღაც დეჟავიუს შეგრძნება მაქვს. იმათ გასაგონად კი ვიტყვი, ვინც შემოკომენტარდება ხოლმე და მიაწერს-მაშინ რატომ არ ამბობდიიიით! ვამბობდი და თანაც როგორ. პარტიაში რაც ითქმება ყველაფერი გარეთ არ გამოდის. ამას პარტიული დისციპლინა ჰქვია. როცა თმენის რესურსი ამოიწურება, მაშინ უკვე გამოსავალს სხვა გზაში პოულობ. ასეთია პარტიული ცხოვრება. ნაციონალურ მოძრაობას კი ვუსურვებ კრიზისის დაძლევას და არჩევნებისთვის კარგად მომზადებას, რადგან მათი წარმატების გარეშე ეს რეჟიმი ვერ იცვლება ანუ კოალიციური ხელისუფლება ვერ იქმნება.
კითხვებს და კომენტარებს აზრი არა აქვს. ჩათვალეთ, რომ საკითხი ამოწურულია. იმაზე მეტი ვთქვი, რაც ცოცხალ პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ითქვას. ასეთ რამეებს მემუარებში წერენ. ჩემს მემუარებში იხილეთ მერვე ტომში"