„ხანდახან ეპითეტები უხდება პოლიტიკოსს და თქვენი გამოსვლა, რომელიც აქ მოვისმინე,  იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, - ასე მიმართა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსულ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განათლების უწყებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობები გააპროტესტა და მინისტრს მისი დანაპირები შეახსენა.

„საქართველოს მთავრობამ მოატყუა მასწავლებლები. საქართველოში ინფლაციიდან გამომდინარე, მათი შემოსავლები, ფაქტობრივად არ გაზრდილა. რაც შეეხება ბიუჯეტს - განათლების და მეცნიერების დაფინანსება 2022 წელს იყო 2.1 მლრდ. ლარი, ეს არის მშპ-ს 2.9%, მაშინ როდესაც თქვენ როცა მინისტრი გახდით იმ დღიდან მოყოლებული მთავრობის გეგმა იყო 6%-იანი შეფარდება და 72 მილიარდია ჩვენი ქვეყნის მშ წლის ბოლოს და 72-ის  ექვსი პროცენტი 4.3 მილიარდი. ზუსტად ორჯერ აცდით მასშტაბებს. წარმოგიდგენიათ 2.1-ის ნაცვლად მართლაც 4.3 მლრდ. ლარი რომ ყოფილიყო დაფინანსება რა მდგომარეობაში იქნებოდა ქართული განათლება, ქართული სკოლები და მასწავლებლები არ წავიდოდნენ ჩაის და თხილის მოსაკრეფად სხვა ქვეყნებში. რატომ შეპირდით? სხვათაშორის, ეს პირობა გაუქმებული არ არის და პარლამენტში მიღებულ დოკუმენტებში ისევ ეს ციფრი წერია. ახლა ვნახოთ რა მოხდება 2023 წელს - შემოსულია მომავალი წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვით, ჩვენი მშპ იქნება 79 მლრდ. ხოლო სამინისტროს ბიუჯეტი 1.98 მლრდ. ლარი იქნება. თქვენი სიტყვა, რომ ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი იქნება - არ მართლდება. და რამდენი იქნებოდა მართლა 6% რომ ყოფილიყო? საკუთარი დაპირებები რომ შეგესრულებინათ 4.74 მლრდ. ლარი იქნებოდა.

ასეთ პირობებში საქართველოს განათლების სისტემას არავითარი განვითარება არ უწერია. განათლების სისტემა არის ყველაზე დაჩაგრული, ვინაიდან, როგორც ჩანს, არ არსებობს პოლიტიკური ნება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.