„ქართული ოცნების“ თვალში „გირჩის“ ინიციატივა და „გირჩი“ პოლიტიკური სასარგებლო იდიოტები არიან, ოპოზიციის თვალში არა სასარგებლო იდიოტებად გამოდიან, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „გირჩს“ მთელი ქვეყანა დასცინის და მაშინ, როდესაც მათი რეიტინგი 0% იყო, ახლა ერთი ქალიც კი არ მისცემთ მათ ხმას.
"არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო. მე ვხმარობ, პოლიტიკურ კლიშეს, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ენციკლოპედიაშიც შეგიძლიათ ნახოთ. პოლიტიკური იდიოტი არის პოლიტიკური პროცესის ამსახველი ტერმინი. გიკითხავთ, ენციკლოპედიიდან ამონარიდს: „პოლიტიკურ იდიოტებად ითვლებიან ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც მართულნი არიან ვიღაცების მიერ, მარიონეტები, ადვილად ასაყოლიებლები, ბრმა იარაღი მათი მიზნების შესრულების პროცესში“. ცოტა არ იყოს, რომანტიზებულია. გულუბრყვილო ადამიანები, რომლებიც ბრმა იარაღი აღმოჩნდნენ ვერაგი და გამობრძმედილი პოლიტიკოსების ხელში. თუ პოლიტიკური იდიოტების განმარტებას ამ ფორმით გავიგებთ, ეს ყველაზე კარგია, ვინაიდან გულუბრყვილოები ყოფილან და „ქართული ოცნების“ თვალში „გირჩის“ ინიციატივა და „გირჩი“ პოლიტიკური სასარგებლო იდიოტები არიან, თქვენთვის სასარგებლო საქმეს შეუწყვეს საქმე, ოპოზიციის თვალში არა სასარგებლო იდიოტებად გამოდიან. ეს პოლიტიკური ტერმინებია. დავუშვათ, ესენი არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, როგორც პოლიტიკური იდიოტების კონტექსტში განიხილება ხოლმე. ისინი იტყვიან, ჩვენ ვართ პრაგმატული მოვაჭრეები, ჩვენთვის პოლიტიკური პროცესი არის ვაჭრობა. ვეკითხებით, რა ივაჭრეთ? მთელი ქვეყანა დაგცინით, ისედაც 0% იყო რეიტინგი ახლა ერთი ქალი ხმას არ მოგცემთ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით, „გირჩის“ ერთადერთი წარმატებული ვაჭრობა არის "მღვდლის ტალონებით ვაჭრობა“.
„ყოჩაღ, ხუთი წელია ვაჭრობთ, ძალიან კარგადაც, მილიონები იშოვეთ. ეს არის თქვენი წარმატებული ვაჭრობის შედეგი. ამ წარუმატებელი ვაჭრობის შედეგს აიღებთ არჩევნებში“,- თქვა რომან გოცირიძემ და იაგო ხვიჩიას პოლიტიკური ნაცარქექია უწოდა.
„თქვენ, გუშინ, ოპოზიციას, რომელიც კვოტირების კანონპროექტის ცვლილების წინააღმდეგ გამოდიოდა, კომპრომეტირებული ოპოზიცია უწოდეთ. ხოლო, ამ კომპრომეტირებული ოპოზიციის კონკრეტულ მაგალითად დაასახელეთ რომან გოცირიძე როგორც კომპრომეტირებული პოლიტიკოსი.
30 წლის განმავლობაში 1 კომპრომატი მოიგონეს, ისიც ტყუილია, კუპონების განადგურება ყოველთვის მე ვებრძოდი და გაანადგურა „ქართული ოცნების“ ყოფილმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა. კომპრომატის მოგონებაშიც კი არ იყვნენ პროფესიონალები. არა, ბატონო იაგო, რომელსაც მღვდლის ტალონების ვაჭრობის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ და ჩემს თვალში პოლიტიკური ნაცარქექია ხართ, ვიღაცის კომპეტენციასა და კომპრომეტირებაზე არ უნდა საუბრობდეთ“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.