ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მეორე ტურის კენჭისყრას ნატო და როსტომ ჩხეიძეები ხმას არ მისცემენ. "აიპრესთან" საუბრისას რომან გოცირიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ კონკრეტულ ხუთ დეპუტატს, ვინც "ნაციონალური მოძრაობიდან" გუშინ "ქართული ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში სურთ:
- გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, თქვენ პირველი იყავით ვინც განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ვაჭრობას, ფულის აღება მიცემას, ფულით გონების დაბნელებას და ა.შ. მაშინ ვის გულისხმობდით?
- მაშინ არავინ არ იცოდა ვინ მისცა ხმა და ბუნებრივია, როცა ასეთი რა ხდება, ეჭვი ჩნდება. ეს იყო მომენტალური განცხადება როცა დარბაზი დავტოვეთ, მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა თუ ვინ მისცა ხმა და მოვისმინეთ მათი ხმის მიცემის მოტივები, გაირკვა რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, უფრო მეტად ვიხრები იმ აზრისკენ, რომ მათ მოუნდათ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში და დაუშვეს სერიოზული პოლიტიკური შეცდომა. დიდი ხანია, ნიკა მაჭუტაძეს, ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძეს, ბაჩუკი ქარდავას უნდოდათ "ნაციონალური მოძრაობიდან გამოსვლა, საკუთარი ფრაქციის შექმნა და ა.შ. მეტი ავტონომიურობის მოპოვება. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ეთამაშათ, რაც რა თქმა უნდა, იყო მიუტევებელი შეცდომა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში რაღაც ანგარებაზე რომ ვილაპარაკო, არ ვიქნები მართალი.
- დიდი ხანი არ არის რაც ხატია დეკანოიძესთან ერთად, თავადაც დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" და ახლა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მცდელობა გაქვთ. ხომ არ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ახლა გამოსულ ხუთეულთან ერთად ერთი ფრაქცია შექმნათ?
- მე და ხატიამ დავარეგისტრირეთ ცალკე პოლიტიკური ჯგუფი, უარი გვითხრეს, რომ ეს ბლოკებზე არ ვრცელდებაო, მერე შევიტანეთ საკანონმდებლო ინიციატივა, პროცესი უკვე დაწყებულია და ორშაბათ გადის ბიუროზე. ჩვენ რა თქმა უნდა იურიდიულ ფორმას მივცემთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც "ევროოპტიმისტები ჰქვია."
შეგახსენებთ:
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრის მეორე ტური დღეს გაიმართება
ცნობისთვის, 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. მათგან რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.