ოპოზიცია სრულ პანიკაშია - ისინი ფაქტობრივად აღიარებენ, რომ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, საზოგადოებას შესთავაზონ საინტერესო თემები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რა კონფიგურაციით წარდგნენ არჩევნებზე. უგულავას განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან უხერხულია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციამ მზადება დაიწყო. ვინ სად და ვისთან შეიძლება გაერთიანდეს, ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა მთავარი მოწოდებაა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების პარტიები ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ. მათ რიგებშია გიგი უგულავა, რომელიც ერთიანობაზე საუბრობს. არ არის გამორიცხული პოლიტიკაში ოფიციალურად გადაინაცვლოს ნიკა გვარამიამ.

ნიკა მელიას და მისი გუნდის პოლიტიკური მომავალი კი, დიდი ალბათობით, 7 ოქტომბრის შემდეგ გაირკვევა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ახალ პლატფორმას დააფუძნებს.