საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.
შეხვედრისას რატი იონათამიშვილმა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც თანასწორობისა და არადისკრიმინაციის პრინციპებს ეფუძნება და მიზნად ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ისახავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებს. აღინიშნა ბილინგვური განათლების პროგრამის გაფართოება, რომელშიც 2025-2026 სასწავლო წელს 243 საჯარო სკოლაა ჩართული.
რატი იონათამიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერების, პარლამენტის კომიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების, მათი ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.




