რატი იონათამიშვილი 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრების გამართვის საკითხს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეკრების გამართვის მიზნებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული შეკრების ინიციატორები მათი მხარდამჭერები არიან.
„ჩვენ ამ შეხვედრაზე დაახლოებით, 100 ათას ადამიანს ველოდებით. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ამომრჩევლის მხოლოდ მოკრძალებული ნაწილია, მაგრამ არაფერია იმაზე ამაღელვებელი, როდესაც შენ ხარ შენი ქვეყნის, შენი მხარდამჭერების სამსახურში.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ ღონისძიებას დაესწრება ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერ ამას კიდევ მეტ ხიბლს სძენს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, შეკრების მთავარი გზავნილები იქნება იმ ფასეულობების გარშემო გაერთიანება, რაც თითოეული ქართველის გენეტიკურ კოდში დევს.
„რა თქმა უნდა, ეს არის „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ეს არის თაობების მისია. ბოლო პერიოდში გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ცრუ აღქმები გააჩინონ ჩვენს საზოგადოებაში. განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერაში, რაც თუნდაც, გამჭვირვალობის ინიციატივასთან, ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვასთანაა დაკავშირებული და მნიშვნელოვანია, რომ გარე აქტორებმაც დაინახონ ის მხარდაჭერა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ჩვენი სახალხო მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა სწორედაც რომ ფასეულობების გარშემოა გაერთიანებული, იმ ფასეულობების, რომელიც ქართველებისთვის საუკუნეების მანძილზე უცვლელია. დღეს ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, ის დაამახინჯონ“, - დასძინა იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს არასდროს არავის კონტრაქციები არ სჭირდება. მათ აქვთ დღის წესრიგი, რომელიც სავსეა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებით.
„ქართული ოცნება“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ატარებს.