ეს აქციები როგორც ვხედავთ, რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის ასეთი გაუწონასწორებელი ქმედებების შედეგი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მინდა მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ბატონ გვარამიას და სხვებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი ცდილობენ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ მიტინგზე. მათ შორის იქ მისული ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელ პროტესტს გამოხატავენ, ეს ხალხი ცდილობს, რომ მათ ჩაუდგეს სათავეში და ჩაითრიოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. პოლიტიკური ლიდერები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სახელმწიფო არ დაუშვებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას.
კარგად მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამჭვირვალობის კანონის განხილვა, რომელიც მთელი თავისი არსით არის სწორედ ევროპული ღირებულებების შესაბამისი და ეს ყველაფერი დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას ეფუძნება. თუკი ვინმე ყველანაირი არგუმენტის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს მათი პრობლემაა. ასეთი უაპელაციო განცხადებები, თითქოს კანონი რუსულია, ვერ იქნება გაზიარებულის სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ ქვეყანას მითუმეტეს აქვს სრული უფლება იცოდეს, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა.