იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად კვლავ დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს და მათ შორისაა გუშინ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ. 

რატი ბრეგაძის თქმით, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, კვლავ პოლიტიკური მანიპულაციის საგანია. 

„ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის  არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება. ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში სააკაშვილის ადვოკატისა და მისი პოლიტიკური გუნდის წევრებისგან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო საზოგადოების მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები.

კლინიკა ,,ვივამედის“  დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდადებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზედაც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილ იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.

პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც, მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს. ეს, საბოლოო ჯამში, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება(სამკურნალწამლო და სხვა ნივთიერებათა შეყვანა ორგანიზმში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით. მაგ., კანქვეშ შეშხაპუნება, ვენაში შესხმა და სხვა.რედ),  რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდადებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის  ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა; ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“,  განაცხადა რატი ბრეგაძემ.