იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ სააკაშვილის ქმედებებზე ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით იმას, რომ ჩვენ გვაქვს თანაბარი დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველა პატიმრის მიმართ და, მათ შორის, როდესაც პოლიტიკოსი თუ ყოფილი პოლიტიკოსი ყოფილა პენიტენციურ დაწესებულებაში, მისთვის არავის შეუზღუდავს რაიმე უფლება. ჩვენ გვიხილავს, ასევე, სხვა პატიმრები, რომლებიც გამოსულან პენიტენციური დაწესებულებიდან და მათ არ ჰქონიათ რაიმე პრეტენზია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, მაგრამ ამ ერთი ადამიანის გარშემო არის ატეხილი განსაკუთრებული აჟიოტაჟი და ეს სრულიად გასაგებია, რა მიზანსაც ემსახურება. ეს არის თავისუფლების უკანონოდ მოპოვების მცდელობა, სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და, ასევე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ტერორიზება. მე ამას არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩვენ მრავალჯერ ვიხილეთ მათ მიერ გავრცელებული მტკნარი სიცრუე, რამაც, სამწუხაროდ, მთელ რიგ შემთხვევებში პროპაგანდისტული ხასიათიც მიიღო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილი, პრაქტიკულად, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა კლინიკიდან და ამ პროცესში მას ადვოკატები ეხმარებიან.

„ეს ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს ყოველთვის, რომ იყოს აქტუალური პოლიტიკურ დღის წესრიგში. ის დღეში რამდენიმეჯერ ხვდება, მათ შორის, ადვოკატებს და, ფაქტობრივად, ეს ადამიანები ასრულებენ არა უშუალოდ რაიმე სახის პროცესუალურ მოქმედებებს, არამედ, ფაქტობრივად, არიან ამბის გამტან-გამომტანები. კარგად მოგეხსენებათ, რომ, ფაქტობრივად, ყოველდღე ამ ადამიანის facebook- ზე განთავსდება ხოლმე სხვადასხვა სახის პოსტები და ის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, პოლიტიკურ აქტივობას ეწევა კლინიკა „ვივამედიდან“ – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.