ოპოზიციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. რა თქმა უნდა, ყველამ იხილა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების მიმართ. ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ყველაფერი, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული. – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. 

"კარგად ვიცით, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრებთან, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, რა ფორმით ეპყრობოდნენ. 2012 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემური პრობლემა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა. დიდი ირონიაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პატიმრების უფლებებზე, ამნისტიაზე ან, ზოგადად, პატიმრებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ეს არა თუ ღიმილის მომგვრელია, არამედ ტრაგედიაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს პატიმრებზე, რაც მაჩვენებელია იმ პოლიტიკური უნამუსობის, რისი მატარებელიც ეს პოლიტიკური გაერთიანებაა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.