26 ოქტომბერს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი პროგრესის ნაცვლად, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ეთერში.
„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან მარტივი არჩევანი გასაკეთებელი და ეს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი, პროგრესის ნაცვლად. ასევე, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად. ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე ამ არჩევნებზე? იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ გაცხადებული, რომ სურთ ამ სახელმწიფოს, საქართველოს დაზარალება. ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. მაგალითად სააკაშვილის გარშემო ატეხილი ხმაურის დროსაც ოფიციალურად გამოვლინდა, რომ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. ამას კადრულობდნენ ეს ადამიანები. აი, ხაზარაძეც რომ ავიღოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი სრულიად უსამართლოდ და უსინდისოდ ითხოვდა სახელმწიფოსგან მილიარდ-ნახევარ დოლარს, რაც მაშინ საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი იყო და დავაში გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის ქვეშ აყენებდნენ. მაგრამ მთელ ამ ავანტიურას ავხადეთ ფარდა და საერთაშორისო არბიტრაჟში ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა, რომ ეს კაცი იტყუებოდა და გაიმარჯვა სიმართლემ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.