საჭიროა არჩევნების ხელახლა ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის პირობებში, სანქციები მათთვის, ვინც არა მხოლოდ მოიპარა არჩევნები, არამედ ახლა ხალხს სცემს ქუჩებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელსაც რამდენიმე ევროპარლამენტართან ერთად შეუერთდა.
„ჩემი გზავნილი, ჩემი პირადი გზავნილია, რომ ევროკავშირის წევრობა ამჟამინდელ რეჟიმთან შეუთავსებელია. ასე რომ, ახალი არჩევნების გარეშე შეუძლებელი იქნება ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ეს ჩაწერილია კონსტიტუციაში, ქართულ კონსტიტუციაში. და ჩვენ, პარლამენტის წევრები, ვიცავთ მიღებულ რეზოლუციას. აქ ვიმყოფებით საგამოძიებო მისიით, ასევე იმისთვის, რომ ვესაუბროთ ხალხს, რომლებიც იბრძვიან ქუჩებში არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტის თავისუფლებისთვის, რადგან ეს არ არის მხოლოდ საქართველო. გვყავს მოლდოვა. გვყავს რუმინეთი იმავე სცენარით. ასევე გვყავს უკრაინელები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის. ასე რომ, ეს არის ის, რაც ევროკავშირმა უნდა გააკეთოს – მხარი დაუჭიროს ყველა ამ თავისუფლებისთვის მებრძოლს და არ შეეშინდეს, პირველ რიგში, პუტინის რეჟიმის დამარცხების, რადგან ყველაფერი მოდის იმ კონკრეტული ცენტრიდან“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
კითხვაზე, რა არის მათი მთავარი სათქმელი, ევროპარლამენტარი პასხუობს:
„ჩვენ ერთად ვართ, როგორც ევროპარლამენტის წევრები. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც აქ იმყოფებიან ხალხთან სასაუბროდ და შეტყობინების გადასაცემად ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებისთვის, როგორებიცაა ევროკომისია და, ასევე, ევროპული საბჭო, რომ დაიწყონ მოქმედება და არ დაანებონ თავი მათ, ვინც უკვე მოჰპარა არჩევნები ხალხს, ვინც სცემს ხალხს ქუჩაში, ვინც იყენებს ძალადობას. ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროპულ ოჯახში, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს. ასე რომ, ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის ნაცრისფერი ზონების გარეშე, რომელიც რუსეთის მიერ გადასაყლაპად არის დარჩენილი“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.