ქუთაისში მცხოვრები ლუსიანე თორიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქალაქში არსებულმა საზღვარგარეთ დასაქმების ერთ-ერთმა ფირმამ მამაკაცს პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ევროპულ რესტორანში მზარეულის მოადგილედ დასაქმება და მაღალი ხელფასი შესთავაზა.
როგორც მამაკაცის მეუღლე აცხადებს, მამაკაცსა და დასაქმების კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა, თუმცა საზღვარგარეთ ჩასულ თორიას რესტორნის ნაცვლად მუშაობა ხორცის გადამმაუშავებელ კომბინატში მონურ პირობებში და თვეში 250 დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ მოუხდა.
მამაკაცის მეუღლე ლამარა კვერნაძე ყვება, რომ დასაქმების კომპანიამ მისი მეუღლე მოატყუა.
მისივე განცხადებით მამაკაცს საკვებად მხოლოდ ერთ ნაჭერ პურს და პატარა თეფშით ბრინჯს აძლევდნენ. თორიამ სამუშაო ადგილი დატოვა, თუმცა იმის გამო, რომ თანხა არ აქვს, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
დაზარალებულის ოჯახმა დახმარებისათვის "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრს“ მიმართა.
ცენტრში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ დასაქმების ფირმების მიერ დასაქმების მსურველთა მოტყუების ფაქტები ხშირია. თავად ფირმაში კი ბრალდებებს არ იზიარებენ და თვლიან, რომ მათ თავიანთი სამუშაო კანონის დაცვით შეასრულეს.