აშშ-ში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციამ, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ჯორჯიის შტატის სენატში შეხვედრა გამართა. დეპუტატები სენატის ვეტერანთა, სამხედრო საკითხთა და შიდა უსაფრთხოების, ასევე წარმომადგენელთა პალატის თავდაცვისა და ვეტერანთა საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეებს ესაუბრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, შტატის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ჯორჯიას შტატის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

 ქართველი დეპუტატების მხრიდან, ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჯორჯიის შტატს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობას, ამერიკული ინვესტიციებისთვის საქართველოს მიმზიდველობას და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს.

დელეგაციის წევრები გაეცნენ შტატის სამართლებრივ ბაზას და შესაბამისი კომიტეტების საქმიანობის სპეციფიკას სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების, ვეტერანთა მხარდაჭერის და საზედამხედველო სფეროებში.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი სოფიო ბაბუნაშვილი. შეხვედრებში მონაწილეობს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო.