მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით  ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ოთხი ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, რომლის ინიციატივით განხორციელდა ოთხი ნორდიკული ქვეყნის, ჩვენი ოთხი მეგობრის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის მათი ჩამოსვლა არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი და ჩვენთვის მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც გარეთ იდგა ამდენი დღე. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით, 84 ადამიანის მიერ; მძიმე წერტილი ხელისუფლების განაცხადისთვის, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით; ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავისი გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, ყოველ შემთხვევაში, მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც იდგა მყარად შუა გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში, ამ შუა გზიდან, სერიოზული გზიდან ყოფილიყო გადაყვანილი და დაბრუნებული წარსულში. ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა პრაქტიკულად, 30 დღის ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით.

ეს ამტკიცებს იმას, რომ ციფრები, რომლებზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ ჩვენი საზოგადოების 80 თუ 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, არ იყო მხოლოდ ციფრები, ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად ქუჩებში და რითაც ნამდვილად შეგვიძლია, ყველამ ვიამაყოთ. ეს არის ასევე მტკიცებულება, რომ საზოგადოება ნამდვილად დგას იმ ღირებულებებზე, რომელიც არის ევროპული ღირებულებები, დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და შემართებით არასდროს დაუბრუნდება რუსულ წნეხს.

ასევე ჩვენ ვისაუბრეთ, რა არის ახლა შემდეგი ნაბიჯები. მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს გარკვევით ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს, რადგან არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და რომელსაც სჭირდება, გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.