საქართვეელოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს facebook-ის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება და წერს, რომ მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას მომავლის იმედი და ღირსება შეუნარჩუნა.
"დღეს ეროვნული გმირის დაბადების დღეა. გიორგი ანწუხელიძემ იმ დღეებში ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნა მომავლის იმედი, ღირსება და თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ. დიდება ჩვენს გმირს!",-წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
24 წლის გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო. იგი 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, აწამებდნენ, აიძულებდნენ ინფორმაცია გაეცა, არ გატყდა. ის ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარის გადმოასვენების შემდეგ ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა, დადგინდა რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.
2009 წლის იანვარში გავრცელდა კადრები, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამებაა ასახული. გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. სიკვდილის შემდეგ, 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.