„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც, ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს, ზუსტად იგივე ადამიანები.
შეგვიძლია, ამოვიღოთ „ფეისბუკის“ „სკრინები“, რას აკეთებდნენ და ამბობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ახლა. თქვენ გახსოვთ, თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიები, პირდაპირ მოღალატეებად შერაცხეს ეს ჩვენი ორი საამაყო სპორტსმენი. ზუსტად იგივე ადამიანები, მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ სპორტსმენზე და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.
პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ