„ადამიანი როცა არღვევს კონსტიტუციას და კანონს, პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მით უმეტეს, კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება არის ვალდებულება. ანუ ჩვენ, ჩვენი გუნდი ვალდებული, იძულებული ვიყავით, ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„იმპიჩმენტზე ღიად ვთქვით, რომ ეს არის ფორმალური პროცედურა. იცით, არ გვაქვს საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ ნდობა გვაქვს დაკარგული ამ ადამიანის მიმართ, გაუგებარია მისი ქმედებები. ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო კრიტიკისგან, მიუხედავად მისი არაერთგზის გაკეთებული საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა. რაც შეეხება საკითხს, რამდენად კავშირშია ეს სტატუსთან, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სტატუსთან კავშირში ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის დარღვევა და შესაძლო კანონდარღვევა. ევროპელ ლიდერებს ვეუბნები, ყველას ვუთხარი, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს, ეს არის ფორმალობა და ვალდებული ვიყავით, ამაზე რეაგირება მოგვეხდინა.
მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომელ ქვეყანას წარმოადგენს და წარმოადგენდა ქალბატონი სალომე. საფრანგეთს – ასე დავაკონკრეტებ, ასე ვიტყოდი, უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა. მან შარშან საფრანგეთის დარწმუნებაც კი ვერ შეძლო. გახსოვთ, ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ კითხვა დასვა გეოგრაფიის კონტექსტში, ჭრილში, ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადების გაკეთება. ადამიანმა ვერ შეძლო საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება იმაში, რომ გეოგრაფია აქ აბსოლუტურად უადგილოა, ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს ასეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს, გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა, რომ დაერწმუნებინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.