რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია, საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ორი წელი ჩვენ გვახსოვს, წარიმართებოდა სპეკულაციური კამპანია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, იყო ფატალური შედეგის დადგომის რისკი, ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა ეს კამპანია. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სპეკულაციები, ცარიელი ტყუილი და დღეს ვხედავთ, რომ მან განაახლა მაღალი კალორაჟის საკვების მიღება, შესაბამისად, წონის პრობლემაც აღარ აქვს და გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარე, განახლებული კამპანია, რაც წამოიწყო დღეს ოპოზიციამ, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული.
ყველანაირი საფუძველი გამოეცალა ოპოზიციას, თვითონ გააკეთეს ეს ყველაფერი, ორი წელი ისე წარმართეს ეს ყალბი კამპანია, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ახალი კამპანიის წამოწყების და კამპანიების განახლების რესურსი აღარ დაიტოვეს“, - განაცხადა პრემიერმა.