ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მხრიდან ვხედავდი პრობლემებს მართვის და კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დღეს დილით შეხვედრა ჰქონდა ზურაბ აზარაშვილთან.
„მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.