გვაქვს რწმენა, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება და თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო პარტნიორებთან ურთიერთობაზე. არის გარკვეული სირთულეები, თუმცა მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ყველა პრობლემა მოგვარდება და ურთიერთობები თავიდან ბოლომდე დაუბრუნდება ნორმალურ ჩარჩოებს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, დიდი იმედი და რწმენა გვაქვს, რომ უკრაინაში ომი მომავალ წელს დასრულდება. შესაბამისად, მომავალი წლიდან თვისებრივად გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის, რასაც ბუნებრივია, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რათა ეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას არავითარი დაბრკოლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.