26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სამცხე-ჯავახეთის მიწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ისტორიის მანძილზე, ამ რეგიონის შვილებს მრავალი ბრძოლა აქვთ გადახდილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, აქ ყოფნა ყველაზე მეტად შეგვახსენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი სამშობლოს წინაშე, არცერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან იმ ბრძოლაში, რომელიც ღირსებისა და მშვიდობის დაცვას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის, საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის უზრუნველყოფას უკავშირდება.
კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რაც უკვე არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი და ამ რეფერენდუმში აუცილებლად ქვეყნის სიყვარული, ეკლესიის პატივისცემა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს.
ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი გაიმარჯვებს.
რადიკალური ოპოზიცია და მისი მფარველები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების სახით. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში დაბრუნდება ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში ომი და ნგრევა დაბრუნდება.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას - ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების მკვლელობასა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, პატიმრებით გადავსებულ ციხეებსა და ევროპას შორის, ბიზნესის რეკეტსა და ევროპას შორის, ტელევიზიების მიტაცებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან.
ამ ადამიანებს ერთადერთ მიზნად აქვთ დასახული, შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველო მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს! 26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს! 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს!, - განაცხადა პრემიერმა.