პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში იმყოფება.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რაც კონკრეტულ მაჩვენებლებში აისახა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ბიზნესკავშირების განვითარების პერსპექტივებს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის როლს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე მსხვილ პროექტებს, რომლებიც რეგიონული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.