ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ზოგიერთი სხვა ოპოზიციური ორგანიზაციის მიდგომა, რომ ივანიშვილს თურმე შეუძლია, ჩაგვიტაროს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებს, ისე გადაახევს ოპოზიციასა და საზოგადოებას. ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუს-ით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკო-ში თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და აზრი აქვს საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას, ამ ადამიანებს უნდათ მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, უნდათ, პარლამენტში ფრაქცია ჰქონდეთ, იყვნენ ფრაქციის თავმჯდომარეებიც და „ოცნების“ ოპოზიციად იწოდებოდნენ.– ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ ეს არის ერთადერთი ამოცანა იმ ადამიანების, რომლებიც მზად არიან ივანიშვილის რეჟიმის, მისი მმართველობის პირობებში ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე შევიდნენ საპარლამენტო არჩევნებში. როდესაც ქალბატონი სალომე გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს და ჩაგვიტარეთ საპარლამენტო არჩევნები, აქ სად არის ლოგიკა? რატომ, თუ საპარლამენტო არჩევნებს აქვს აზრი, მაშინ ადგილობრივს რატომ არ აქვს? ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება; ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, არ იქნება კონკურენტული გარემო, რადგან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სხვა პოლიტპატიმრებიც ციხეში არიან. მაშინ, როდესაც მთავარი მოთამაშეები ციხეში არიან იზოლირებულები და არჩევნები ტარდება, ვერანაირ კონკურენტულ სტანდარტს ეს ვერ დააკმაყოფილებს, ასე იყო 26 ოქტომბერსაც“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.