საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არის პარლამენტარი, ის და მისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად, კომისიაზე მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას აქვს იმედი, რომ აიკრძალება ყველა პარტია, მათ შორის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა სურთ, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ მათი ოპოზიციური გაერთიანება დარჩეს.
„გიორგი გახარია თავად იღებს გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას, უბრალოდ, მინდა, შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს კაცი არის პარლამენტარი, ის და მისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. შესაბამისად, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმედი აქვს, ყველა პარტია აიკრძალება. პირველ რიგში ჩვენს პარტიას ერჩიან, „ნაციონალურ მოძრაობას“. მის კანონგარეშე გამოცხადებას აპირებენ და ჩვენი საბუთების ჩამორთმევას, თორემ იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებს, გასაგებია, რომ ვერ გააუქმებენ. ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებებენ, თვითონ რაღაცნაირად უნდა, რომ გადარჩეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ მხოლოდ თვითონ იყოს რეგისტრირებული, როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია. ამის იმედი აქვთ ამ ადამიანებს, რაც თავისთავად არის აბსურდი. ჯერ ერთი, ასე არ ხდება დიქტატურულ რეჟიმებში და მეორეც, ასე რომც მოხდეს, არანაირი ოპოზიციური ხმები მათ სასარგებლოდ ნამდვილად არ წავა“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.