არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული. ხალხს ექნება უფლება და მოქალაქეობრივი ვალდებულება, წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის.
ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.
„ჩვენი მხრიდან, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში დაჟინებით ვითხოვთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს, წარმოადგინოს პროგრამა, შეეძლოს სხვებთან კონკურენცია. არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური. არჩევნები არის წმინდა და თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის. მე გულწფელად მაქვს იმედი, რომ ხალხი მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს, აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი, რადგანაც ეს არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა. ეს არის თქვენი უფლება და მოვალეობა, ეს არის თქვენი არჩევანი. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ საქართველოს მომავალი თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზად არის, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წესებისა და პრინციპების საფუძველზე.
„ათ დღეზე ნაკლებ დროში გაიმართება არჩევნები, ფაქტობრივად, ერთ კვირაში. ასე რომ, თქვენზე, ქართველებზე იქნება დამოკიდებული თქვენი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტა. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ, როგორი მომავალი გსურთ საკუთარი თავისთვის და თქვენი შვილებისთვის. არავინ სხვა არ უნდა წყვეტდეს, მხოლოდ თქვენ. ეს არჩევნები ფარულია. თითოეულ თქვენგანს ექნება შანსი, გადაწყვიტოს, გსურთ თუ არა, საქართველო წინ წავიდეს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ლიდერები იყვნენ მკაფიო. ჩვენ მზად ვართ, მიგიღოთ, მზად ვართ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ წესებისა და პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ვრცელდება ყველა ჩვენგანზე – ევროკავშირის ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოზე და ყველა ქვეყანაზე, რომელსაც სურს, შეუერთდეს კავშირს. ეს წესები ძალიან ნათელია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ეს წესები აღნიშნულია ევროკავშირის ხელშეკრულებებში და ისინი არ ექვემდებარება მოლაპარაკებას.
ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები ღიად წარადგენენ საარჩევნო პროგრამებს. ხალხს აქვს არჩევანი. ქართველებო, ძალაუფლება თქვენია. თქვენ გადაწყვეტთ თქვენს მომავალს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თუმცა, თუ გსურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს ღირებულებები, ეს პრინციპები უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.