საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს მოუსმინეს.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებების პროგრამების შესრულების მიმდინარეობაზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ამ თემებს უკავშირდება.

ერთობლივ სხდომაზე განხილული საკითხები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან. შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ მუშაობენ ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილებს და ყველა იმ ეთნიკური ჯგუფის ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოდიან. ძალიან პოზიტიური ტენდენციები გამოვლინდა. საკმაოდ კონსტრუქციული იყო ამ განხილვისას ოპოზიციის ჩართულობაც. ჩვენ აქცენტები ჰუმანიტარულ ასპექტზე გადავიტანეთ - მთლიანად სახელმწიფოსა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დიდ ძალისხმევაზე ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა და იმ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებისა, რაც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს.

ის რეკომენდაციები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ, საშუალებას მოგვცემს, უწყებებს შორის კოორდინაცია გაიზარდოს და ის შეფერხება, რაც ამ კუთხით არსებობს, დაიძლიოს. ეს შეხვედრა ძალიან ბევრი საკითხის პოზიტიური გადაწყვეტის წინაპირობა გახდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.