დღეს, 19 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა პირველი მოსმენით 5 კანონპროექტს დაუჭრეს მხარი
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. მისი ძირითადი პრინციპები კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ამნისტიის შეთავაზებას კონკრეტული პირებისათვის, რომლებსაც დანაშაულებრივი გზით აქვთ საკუთრების უფლება მოპოვებული სახელმწიფოს საკუთრების უფლების მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მთავარია, რომ აღნიშნულმა კერძო პირებმა ამნისტიის კანონპროექტით განსაზღვრული წინაპირობები შეასრულონ.
მომხსენებლის განმარტებით, სახელმწიფო ასეთ პირებს სთავაზობს და აცხადებს ამნისტიას სისხლის სამართლის კოდექსის ორ მუხლთან დაკავშირებით: ეს არის 180-ე მუხლი (თაღლითობა) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).
ცვლილების მიხედვით, თუ აღნიშნული ორი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება და ეს დანაშაულებრივი ფაქტი განხორციელდა 2023 წლის პირველ სექტემბრამდე, სახელმწიფო სთავაზობს პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის და სასჯელისგან გათავისუფლებას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ისინი 2024 წლის სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებენ სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.
პროექტის თანახმად, ზიანი ანაზღაურებულად ჩაითვლება, თუ მიწის ნაკვეთი, რომლის უკან დაბრუნება შესაძლებელია, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დაითმობა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ უნდა მოხდეს ამ მიწის საბაზრო ღირებულების სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადარიცხვა.
თუ პირი დაეთანხმება ამ პირობებს - მიატოვებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას ან გადაიხდის თანხას, მის მიმართ ამნისტიის აქტი განხორციელდება.
აღნიშნული არ გავრცელდება უკვე გადახდილ ჯარიმებზე, ან პირებზე, რომლებიც უკვე 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ გაასხვისებენ აღნიშნული გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთს.
პარლამენტმა განათლების სფეროში ცალკეული საკითხების მოგვარებისთვის შემუშავებული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს კანონპროექტები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გააცნო.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. ამასთანავე, კოლეჯის დირექტორად, ერთი და იგივე პირი ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაინიშნოს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტით კი საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციები ფართოვდება და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი ემატება. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება ინკლუზიური განათლებისა და ფსიქო სოციალური მუშაობის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
მინისტრის მოადგილემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან მეორე ცვლილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, მთავრობა მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესს დაამტკიცებს. ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, აღნიშნული წესით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობები განისაზღვრება.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს და პასუხისმგებლობის გამკაცრებას უკავშირდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განაცხადებით, ცვლილებებით, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.
აღნიშნული ქმედება, პროექტის თანახმად: პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით; განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით; ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 და 1000 ლარისა.
მაია ბითაძის განმარტებით, დღეს არსებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მიმართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.
პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი სტატუსის და სოციალური დაცვის საკითხების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის ინიციატივით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროექტი მომზადდა.
კანონპროექტი, პირველი მოსმენით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, დღეისათვის გარკვეული უთანასწორო მდგომარეობაა, რადგან იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები სოციალური და სამართლებრივი დაცვის ღონისძიებების იმ პაკეტით ვერ სარგებლობენ, რაც სისხლის სამართლის საგამოძიებო კომპეტენციის ორგანოების სხვა თანამშრომლებს გააჩნიათ. წარმოდგენილი ინიციატივის მიღების შემთხვევაში კი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მიიღებენ როგორც წოდებრივ სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატს და მათ ასევე მიეცემათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების შესახებ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო.
„პარლამენტის რეგლამენტში მუდმივად ხდება ცვლილებების შეტანა, რადგან ეს არის დოკუმენტი, რომელიც ჩვენს საქმიანობას არეგულირებს. პარლამენტის მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური და მოქნილი რომ გახდეს, გამოცდილებიდან მიღებულ პრაქტიკას რეგლამენტის მუხლებში ავსახავთ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.
მომხსენებლის ინფორმაციით, რეგლამენტში ცვლილებების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები.
რაც შეეხება რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტით, ყველა კენჭისყრა, გარდა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისა, ღია წესით ჩატარდება. ცვლილებით ასევე წესრიგდება პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები და საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის პროცედურა განისაზღვრება. პროექტი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხებსაც არეგულირებს.
წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის გაზრდასაც ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური წარმომადგენლობის გასაძლიერებლად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია ემატება როგორც უმრავლესობას, ასევე ოპოზიციას, რაც პარლამენტში პოლიტიკური წონის გაზრდისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯია.




