საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, მსურველებს შეუძლიათ, საკონკურსო დოკუმენტები 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით წარმოადგინონ.
„დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი. მსურველებს საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით. ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკო-ს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მინდა, მადლობა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი“, – წერს შალვა პაპუაშვილი