„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალინდელ სხდომაზე მამუკა ყურაშვილს, გიორგი ხაინდრავას, გიორგი ვოლსკის და ირაკლი ბათიაშვილს მოუსმენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მან სამდივნოს თხოვნით მიმართა, მამუკა ყურაშვილი ხვალისთვის მოიწვიოს, რადგან სხდომის გაგრძელების დრო აღარ არის და დაგეგმილი გამოკითხვა დღევანდელ სხდომაზე ვერ მოესწრო.
მისი თქმით, „რაც არ უნდა გვლანძღონ“, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ მთავრობას დახვდეს მშვიდობა.
„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამისთვის არის ხელისუფლება მოწოდებული, რაც არ უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ვინც მერე მოვა, იმას დახვდეს უკეთესი (გარემო), დახვდეს მშვიდობა და, რაც მთავარია, შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხნენ ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი და ზაზა გოგავა.