მე ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ოპონენტს ნათია კუპრაშვილს მიმართა.

პაპუაშვილმა გაიხსენა 2023 წლის განხილვები და აღნიშნა, რომ კუპრაშვილი ისევ იქ არის დარჩენილი.

„მახსოვს 2023 წლის განხილვები, მათ შორის ქალბატონი ნათიაც [კუპრაშვილი] იყო ამის მონაწილე. სამწუხაროდ, ისევ იქ ხართ დარჩენილი, თითქოს, დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი არ მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა, ომები არ დაწყებულა - არ დამთავრებულა, თითქოს, არაფერი მომხდარა, ისევ იქ ხართ. მართლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ სხვადასხვა გაზეთს ვკითხულობთ თუ სხვადასხვა ტელევიზიას ვუყურებთ.

და რატომ - ჩვენ ამასობაში რამდენი რამ გავიარეთ. მათ შორის, ვუყურებდით, როგორ იყო ქართულ არჩევნებში პირდაპირი უცხოური ჩარევა; გარედან მხარდაჭერილი ადამიანები როგორ ამკვიდრებენ სიძულვილის ენას, ძალადობას, როგორ ფინანსდება პოლიტიკა. ეს ყველაფერი ხდება და მართლაც თვალის დახუჭვა, რიყეზე გასვლა და ქვის არდანახვა - ამას რაღაც სპეციფიკური დამოკიდებულება სჭირდება, ალბათ ან საკუთარი გვირაბის ხედვა, როდესაც გარშემო ვერაფერს ამჩნევთ. ამიტომაც არ უნდოდათ დისკუსია და დებატები - ოპონენტებს ვგულისხმობ, რომ გამოჩნდებოდა არგუმენტები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.