საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, გადაცემა "ღამის კურიერში", იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომელიც სისტემაში იგეგმება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამომავლოდ, ძველი ტიპის, ნახევრად ღია დაწესებულებები, თანამედროვე სტანდარტების მქონე, მცირე ზომის დაწესებულებებით ჩანაცვლდება.
მინისტრის თქმით, ერთ დიდ სივრცეში მყოფი 3000-მდე პატიმარი სხვადასხვა მცირე ზომის დაწესებულებებში გადანაწილდებიან.
"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში, იყო ის სისტემური პრობლემები და დანაშაულები, რაც იყო იმ დროს მოქმედ პენიტენციურ სისტემაში.
2012 წლის მერე, ეს სისტემა რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ თვისებრივად განსხვავებული პენიტენციური სისტემა გვაქვს დღეს, რომელიც ორიენტირებულია, როგორც სასჯელის აღსრულებაზე, უსაფრთხოებაზე, ასევე ადამიანის ღირსებასა და უფლებებზე.
ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი არის ის, რომ პატიმარი, როცა მოიხდის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, საზოგადოებას სრულყოფილ წევრად დაუბრუნდეს. ამისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა - პენიტენციური კოდექსის ცვლილება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა და დაწესებულებებში მრავალი სერვისის შეტანა.
ფაქტობრივად, ერთი წელი გრძელდებოდა საუბრები იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. გარკვეულწილად არსებობდა პრობლემები, მაგრამ ძალიან გაზვიადებული იყო ის, რასაც მედიით იგებდა მაყურებელი, თუმცა ეს პრობლემებიც აღმოიფხვრა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ამ მიმართულებითაც.
არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ 2012 წლის შემდგომ. დაგეგმილია, რომ ძველი ტიპის, ნახევრად ღია დაწესებულებები თანდათანობით დაიხუროს და სრულად გადავიდეთ თანამედროვე სტანდარტების მქონე მცირე ზომის დაწესებულებებზე, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ პატიმრებს, მიიღონ განათლება, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას.
უახლოეს პერიოდში რუსთავში ვხსნით 150 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებას. ისეთი დაწესებულებები, სადაც დაახლოებით 2000-3000 ადამიანია, ისინი გადანაწილდნენ [მცირე ზომის დაწესებულებებში] ნაკლები პატიმარი იყოს თითოეულ დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ის, რომ, ზოგადად, ნაკლები პატიმარი იყოს პენიტენციურ დაწესებულებებში", - განაცხადა პაატა სალიამ.




