ერთი რამ შემიძლია ვთქვა, 2012 წელს  „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავმარცხებულვართ იმისთვის, რომ ბათუმი აღვადგინეთ, საქართველოში ავტობანი გავიდა ან განახლებული სიღნაღისთვის, ყვარლისთვის, ქვეყნის ბიუჯეტის 10-ჯერ გაზრდისთვის, ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი იყო ფარული ჩანაწერებით ოპერირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ პარტიაში დგას ცივილიზაციური საკითხი, საით წავა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ ავირჩევთ იმას, რაც იყო წარსულში, იმ წარსულში იყო ბევრი რამ ისეთი, რაც ჩვენ არ მოგვწონს ან თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში. თვალნათლივ ჩანს ორი ვექტორი, ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი უმრავლესობის არის ის, რომ ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა დასავლელ პარტნიორებთან საელჩოებთან, მაკფოლთან, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მუშაობს ბევრი ადამიანი, ეს არის ჩვენთვის მთავარი, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომელთათვისაც ფარული ჩანაწერებით მანიპულირება კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ განმსაზღვრელ საკითხად. ამ დაპირისპირებაში, ამ მართლა ნათელისა და ბნელის დაპირისპირებაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს ნათელი მხარე, რადგან თუ ვინმე არის საქართველოში ევროპეიზმის შემოქმედი, ეს არის სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. 28-29 იანვარს მორჩება ეს ტურბულენტობა და ჩვენი მხარდამჭერები აირჩევენ იმ მმართველობას, იმ ლიდერშიფს, რომელიც შეძლებს ადგილობრივი პრობლემატიკის და საერთაშორისო გამოწვევებისთვის თვალის გასწორებას და შექმნის ყველაზე უფრო საიმედო პლატფორმას“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილი იყოს ამ ჩანაწერების ავტორი, წიკლაურმა განაცხადა: „ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებები არ არის, ამაზე საუბარი არ მინდა. ძალიან არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ 2012 წელს დავმარცხდით იმის გამო, რომ ვიღაცები, ზოგიერთი ძალოვანი მინისტრი გაერთო ამ ფარული ჩანაწერებით და გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მისი ადგილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იქნება“.