"ფაქტობრივად, ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენებოდა პიროტექნიკა მთელი ამ დღეების მანძილზე და ვუყურებდით, როგორ იყო ქალაქი ცეცხლის ალში გახვეული" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
"ჩვენ ვიდექით კონსტიტუციური წყობილების დამხობის საფრთხის წინაშე. ამიტომ, ახლა რაც აუცილებელი და საჩქაროა, ეს არის ამ დამხობის წყაროს იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. ამიტომ, ყველაფერი თანმიმდევრულად უნდა მოხდეს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე იყო გაცხადებული, რომ ის ერთეული შემთხვევები, როდესაც ვნახეთ ძალის გადამეტება, თუმცა ესეც გამოძიების დასადასტურებელია და ამაზე დაწყებულია გამოძიება. ვნახეთ თავად აქციის მონაწილის მხრიდან დაშავებული ჟურნალისტი, დამიზნებით პიროტექნიკის სროლა. ფაქტობრივად, ცეცხლსასროლ იარაღად გამოიყენებოდა მთელი ამ დღეების მანძილზე და ვუყურებდით, როგორ იყო ქალაქი ცეცხლის ალში გახვეული. თურმე ბოთლს თავში რომ ჩაარტყამ ადამიანს და ესვრი, რადგან ბოთლია და არ არის ცეცხლსასროლი იარაღი, დანაშაული არ ყოფილა და თურმე, რადგან პიროტექნიკას იყენებ და ამით გინდა, რომ დააშავო და დაწვა ადამიანები, ესროლო მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებს, თურმე ეს დანაშაული არ ყოფილა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.