საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება და იხსენებს ელჩის რამდენიმე კვირის წინანდელ განცხადებას, როდესაც იგი ამბობდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. 

„ძალიან კარგია, რომ არქივი ბევრ რაღაცას ინახავს, მათ შორის ინახავს რამდენიმე კვირის წინანდელ, ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც თვითონ ამბობს, რომ ევროკავშირმა შეაჩერა ეს გაწევრიანების პროცესი საქართველოსთან მიმართებაში და ახლა ამ ყველაფრის ჩვენს წინააღმდეგ შემოტრიალება ნამდვილად ორმაგი სტანდარტი, უსამართლობა და წარმოუდგენელი მანიპულაციის მცდელობაა. მე პირიქით - იქეთ შევთავაზებდი, როგორც დღეს ჩვენმა არაერთმა ლიდერმა თქვა, მოდით, გახსნან მოლაპარაკებების პროცესი და დავინახავთ, „ქართული ოცნება“ რამდენად მოტივირებულია, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააგრძელოს ინტენსიურად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.