კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გვქონდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, იტალიის პარლამენტიs თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მან სრული მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველო-იტალიას შორის საპარლამენტო ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა.

„მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ ლუქსემბურგს დაბალანსებული პოზიცია ჰქონდა დეკემბერში, როცა მათმა პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთი ევროპული სამიტის დროდ იკითხა, თუ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, სად არის გაყალბების მტკიცებულებები და რატომ არავის აქვსო. საუბარი იყო ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე ოკუპაციაზე. მათ ის ვითარება აინტერესებდათ, რაც არის არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე შავი ზღვის რეგიონში. ასევე შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. მასთანაც საუბარი გვქონდა, რომ საჭიროა ურთიერთობებისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიზმის მიცემა. რუმინეთში მიმდინარე პროცესებზე საუბარი გვქონდა რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. ასევე შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით ბელგიის დელეგაციას, ასევე კანდიდატი ქვეყნების დელეგაციებს, მათ შორის იყო მოლდოვის, უკრაინის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეები. აქ ვართ შეკრებილი ერთი მიზნით, რაც არის ევროპის მომავალი. 27-ვე წევრი ქვეყანა და ასევე ყველა კანდიდატი მსჯელობს, თუ როგორი ევროპა გვინდა“, – განაცხადა სამხარაძემ.