საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
სამხარაძემ ქვეყნებს შორის გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე, სავაჭრო ბრუნვასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი გვქონდა. მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა.ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ საქართველოს უვიზოდ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს — ჩინეთს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის კონტაქტებს, არამედ ბიზნესკავშირებსაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წელს, პირველ ცხრა თვეში, ჩვენ უკვე გადავლახეთ 2 მილიარდი დოლარის ზღვარი და ვიმედოვნებთ, წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლართან ახლოს იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროშიც, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო, ძალიან არიან დაინტერესებული ე.წ. შუა დერეფნით, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე“,- აღნიშნა სამხარაძემ.
მან ასევე, ხაზი გაუსხვა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად.










